მავნე პროგრამა, რომელმაც კრიჩის ავიაბაზის კომპიუტერებში შეაღწია, საიდანაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დრონების უმეტესობა იმართება, კლავიატურიდან შეყვანილ ყველა ინფორმაციას იპარავს. მასთან გამკლავება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ვირუსი, რომელიც კეილოგერს მოიცავს, ორი კვირის წინ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემის, Host-Based Security System–ის საშუალებით აღმოაჩინეს. ავღანეთის ცაზე მფრინავ დრონებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, არც ინფორმაციის გაჟონვა დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა საფრთხის რისკი მაინც მაღალია, აღნიშნავენ ექსპერტები.

სანდო წყაროები, დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუმცა სამხედროები თავადაც ვერ გარკვეულან ყველაფერში. მაგალითად, მათ არ იციან იყო თუ არა ვირუსი სპეციალურად გაშვებული და რა მაშტაბით გავრცელდა. თუმცა მათ იციან, რომ შეტევა დახურული ინფორმაციის მქონე კომპიუტერების მიმართულებითაც განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ა.შ.შ–ს სპეციალისტები, უსაფრთხოების მიზნით, კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსს იყენებენ, შექმნილი პრობლემის ლიკვიდირება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად მყარი დისკებიდან, პროგრამა BCWipe–ის საშუალებით, ყველა ინფორმაციის წაშლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ავღანეთში, ერაყსა და პაკისტანში შეერთებული შტატების ორასზე მეტი სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო აპარატია განლაგებული. მათ უსაფრთხოებაზე კი შეიძლება ერთი რამ ითქვას — 2009 წელს ერაყელი მებრძოლებს, 26$–ად შეძენილი პროგრამის საშუალებით, ხელში ჩაუვარდათ მრავალსაათიანი ვიდეო მასალა, რომელიც დრონების საბორტო კამერების მიერ იყო გადაღებული.

წყარო: Wired