განხილვა: Samsung Galaxy Note

Android Samsung

როცა მორიგი Android სმარტფონის ყიდვის დღე დადგა საინტერესო არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემს წინაშე იყო ორი ძალიან საინტერესო მოწყობილობა Samsung Galaxy Nexus (Google) და Galaxy Note. ჩემი ყურადღება Galaxy Note-ზე შეჩერდა, ვინაიდან ეს არ არის მოწყობილობა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს არც სმარტფონად და არც პლანშეტად მისი ზომიდან გამომდინარე. ჩემთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ამ მოწყობილობის შესწავლა და მისი ფუნქციონალური შესაძლებლობების ტესტირება.

დავიწყოთ ტექნიკური მონაცემებით:

ქსელები
GSM 850 / 900 / 1800 / 1900
HSDPA 850 / 900 / 1900 / 2100
LTE 700

ფიზიკური მონაცემები
146.9 x 83 x 9.7 მმ
178 გრამი

ეკრანი
Super AMOLED მოცულობითი თაჩსქრინი, 16 მილიონი ფერი
800 x 1280 პიქსელი, 5.3 დიუმი (~285 პიქსელი დიუმზე)
Corning Gorilla Glass დამცავი შუშა

მეხსიერება
microSD, 32 გბ მეხსიერების ბარათი
ჩაშენებული ფლეშ მეხსიერება 16 გბ.

ინფორმაციის გადაცემა
GPRS კლასი 12 (4+1/3+2/2+3/1+4 სლოტი), 32 – 48 კბწმ
EDGE კლასი 12
სიჩქარეები HSDPA, 21 მბწმ; HSUPA, 5.76 მბწმ; LTE
უკაბელო ქსელი Wi-Fi 802.11 a/b/g/n, DLNA, Wi-Fi Direct, Wi-Fi hotspot
Bluetooth 3.0 – A2DP, EDR

კამერა
8 MP, 3264×2448 პიქსელი, ავტოფოკუსი, LED გაელვება
გეო-ტეგები, შეხებით ფოკუსი, სახეებისა და გაღიმების დეტექტორი, სტაბილიზაცია
ვიდეო ხარისხი 1080p 24~30 კადრი წამში
2 მეგაპიქსელიანი წინა კამერა

დამატებითი მონაცემები
ოპ სისტემა – Android 2.3.6 (Gingerbread)
ჩიპსეტი – Exynos
პროცესორი – Dual-core 1.4 GHz ARM Cortex-A9
სენსორები – აქსელერომეტრი, გიროსკოპი, მიახლოების, კომპასი, ბარომეტრი
რადიო – სტერეო FM რადიო RDS-ით.
GPS მოდული A-GPS და Glonass-ის მხარდაჭერით.
სტილუსი – S Pen
სტანდარტული აკუმულატორი Li-Ion 2500 მა/სთ.

ვიზუალური მხარე

სმარტფონის ვიზუალური მხარე ძალიან გავს Galaxy S II-ის შესახედაობას, ის ისეთივე თხელია და ისეთივე მყარი როგორც უმცროსი ძმა. კორპუსი ეფუძნება მეტალის მძლავრ ჩარჩოს და მისი წინა პანელი შესრულებულია მაღალი ხარისხის პრიალა პლასტმასით, რომელის ქვედა ნაწილშიც მოთავსებულია ორი სენსორული ღილაკი (მენიუ, უკანსვლა) და ერთი ფიზიკური ღილაკი (Home) რაც Android ოპ. სისტემის მართვისთვის სრულებით საკმარისია.

ზედა მხარეს არის მოთავსებული საკმაოდ დიდი დინამიკის ჭრილი მობილური ზარებისთვის, მიახლოებისა და განათების სენსორი, ფრონტალური კამერა ვიდეო ზარებისთვის და რა თქმა უნდა კომპანიის ლოგოტიპი.

უკანა მხარეს მოთავსებულია დრეკადი პლასტმასის ხუფი, რომელიც მთლიანად ეჭდობა კორპუსს და მისი ზედაპირი ისეთივე პრიალაა როგორც წინა პანელზე, მაგრამ ამის გამო მოწყობილობის ხელიდან დასხლტომის თითქმის არანაირი შანსი არ არსებობს როგორც ეს სხვა სმარტფონებს ჩვევიათ ალუმინის ზედაპირის შემთხვევაში.

უკანა პანელზე არის 8 მეგაპიქსელიანი კამერის ობიექტივი, რომელიც დაცულია ალუმინის მყარი კარკასით, რაც გამორიცხავს ლინზის შეხებას ნებისმიერ ჰორიზონტალურ ზედაპირთან. კამერის გვერდით არის შუქდიოდური გაელვება, რომელიც  ფანრის მოვალეობასაც ასრულებს შესანიშნავად. ქვევით არის მწარმოებლის დიდი ლოგოტიპი და ორმაგი ჭრილი საიდანაც ისმის რინგტონები და მულტიმედიური აუდიო.

სმარტფონის ქვედა წიბოზე არის microUSB პორტი, დამმუხტი მოწყობილობისთვის და რა თქმა უნდა კომპიუტერთან სინქრონიზაციისთვის. ასევე არის ჯიბე სტილუსისთვის, რომელიც უკანა პანელზე გადადის და კომპოზიციაში ძალიან ლამაზად ჯდება, რაც საერთო ჯამში, კორპუსის დიზაინს ერთიანობას არ უკარგავს რაც ძალიან სასიამოვნოა. ასევე არის სტერეო მიკროფონის მარცხენა მიმღების ნახვრეტი ხოლო მარჯვენა მიმღების ნახვრეტი შესაბამისად განთავსებულია სმარტფონის ზედა წიბოზე სადაც ასევე არის 3.5 მმ აუდიო ფოსო ყურსასმენებისათვის თუნდაც ინტეგრირებული მიკროფონით.

Galaxy Note-ის გვერდითა წიბოებზე მოთავსებულია ხმამაღლობის კონტროლისა და ჩართვა გამორთვის ღილაკები, რომლებიც კორპუსის შესაბამისად მეტალით არის შესრულებული.

მოწყობილობის შთამბეჭდავად დიდი ეკრანის ზედაპირი დაცულია Corning Gorilla Glass შუშით, რომელიც როგორც ცნობილია გამოირჩევა თავისი მდგრადობით როგორც დარტყმების მიმართ ასევე თითქმის შეუძლებელია მისი გაკაწრვა ჩვეულებრივი საგნებით რაც შეიძლება მის ზედაპირზე მოხვდეს.

უკანა ხუფის ქვეშ იმალება ჩვეულებრივი SIM ბარათის სლოტი და სლოტი microSD ბარათებისთვის, თქვენ ასევე დაინახავთ დიდ აკუმულატორს 25000 მილიამპერი/საათში მოცულობით, რაც წარმატებით უზრუნველყოფს სმარტფონისთვის საკმარის კვებას გამოცხადებული ხანგრძლივობით.

მობილური ქსელები და ინფორმაციის გადაცემა

სმარტფონის დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ტესტირების პერიოდში არ დამიფიქსირებია არანაირი პრობლემა GSM მოდულის მოუშაობაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ გათიშულა არც-ერთი ზარი და ჩრდილოვანი ზონიდან გამოსვლის შემდეგაც ანძებთან ხელახალი რეგისტრაციის პერიოდიც არ აღემატებოდა მიღებულ ნორმებს. ასევე ჩავატარე რამოდენიმე ტესტირება, რითაც შევამოწმე HSDPA მოდემის შესაძლებლობები (ქვეყანაში არსებული ოპერატორების მაქსიმალური გამტარუნარიანობა), რომლის დროსაც მიღებულ იქნა შესანიშნავი შედეგები.

კამერა

Galaxy Note-ის კამერა ისეთივეა, როგორც Samsung Galaxy S II-ში. ეს არის 8 მეგაპიქსელიანი მოდული ავტოფოკუსით. ფოტოები გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით. სურათები გამოდის ნატურალური ფერთა-გადაცემით და ხმაურის დაბალი დონით – არა მხოლოდ დღის განათებაზე ასევე ელოვნური განათების პირობებშიც.

კამერის პარამეტრებში შესაძლებელია სცენის განსაზღვრა, ფერთა ეფექტების, ფოკუსირების შეცვლა შესაძლებელია სახის, გაღიმების ან თვალის დახამხამების მიხედვითაც. ასევე შეიძლება ISO-ს მნიშვნელობის ცვლილება და თეთრი ფერის ბალანსიც.

ვიდეოს ჩაწერა შეიძლება Full HD (1080p)  ხარისხით. ვიდეოს ჩაწერის ხარისხიც ისეთივე მაღალ დონეზეა, როგორც ფოტოსი, მაგრამ არასაკმარისი განათების პირობებში უკეთესია მივუთითოთ 720p, რითაც შემცირდება ხმაური და უფრო მეტ გარჩევადობას მივიღებთ.

ხმის ჩაწერის ხარისხი არც ისე მაღალია ვიდეო რეჟიმში, მაგრამ მიღებული რეზულტატით კმაყოფილი დავრჩი. საერთო ჯამში ფოტოსა და ვიდეოს გადაღება ამ მოწყობილობით არც ისე მოსახერხებელია მისი ზომებიდან გამომდინარე, ის უფრო პლანშეტია ვიდრე სმარტფონი და ვიდეოს ან ფოტოს გადაღების დროს ორივე ხელში მოგვიწევს აპარატის დაკავება, რაც ჩვეულებრივი სმარტფონის შემთხვევაში არ არის საჭირო.

რამოდენიმე ფოტო და ვიდეოს მაგალითი:

 [youtube]http://www.youtube.com/watch?v=tPY5htIXUSs[/youtube]

ოპ. სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა

სმარტფონის ოპ. სისტემა ჯერ-ჯერობით არ განახლებულა Android ICS 4.0-მდე, მაგრამ ეს არ წარმოადგენს პრობლემას გამოვიყენოთ მისი აპარატული მონაცემები სრული დატვირთვით. მიმდინარე ვერსია არის Android 2.3.6 TouchWiz სამომხმარებლო ინტერფეისით. განსხვავება ოფიციალური Nexus პლატფორმისაგან არც ისე დიდია მაგრამ აღასანიშნავია რამოდენიმე საინტერესო თავისებურება.

 Touch Wiz-ის მთავარ ეკრანზე შეიძლება გვქონდეს 7 გვერდი. გარდა სტანდარტული პროგრამებისა დამატებულია საინტერესო ვიჯეტები და ისეთი პროგრამები, როგორიცაა კალენდარი და საფოსტო კლიენტი გაფართოებული შესაძლებლობებით.

მთავარი მენიუ წარმოადგენს იკონების ბადეს, რომელზეც ეკრანის ზომიდან გამომდინარე ეტევა 5×5 პროგრამის გამშვები ასევე არის უცვლელი ქვედა ზოლიც.

როგორც Samsung-ს ჩვევია,საბზისო ფუნქციონალი გაერთიანებულია რამოდენიმე პროგრამაში – Hub-ში. Social Hub-ში გაერთიანებულია სოციალური ქსელების ანგარიშები და პრაქტიკულად ერთი პროგრამიდან ხდება შესაძლებელი ვმართოთ ჩვენი ყველანაირი მიმოწერა.

წიგნების მოყვარულთათვის ასევე არის Readers Hub სადაც შეგიძლიათ ნახოთ ჩამოტვირთული წიგნები. სერვისიდან Zinio შეგიძლიათ მიიღოთ უამრავი პერიოდული გამოცემა და ჟურნალი. გაზეთებისთვის არის PressReader. ასევე არის წიგნების მაღაზია Kobo. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩამოთვლილი პროგრამები ნებისმიერ Android მოწყობიობაზე არის ხელმისაწვდომი Android Market-ის საშუალებით, თუმცა Samsung-მა ეს ყველაფერი ერთ პროგრამაში გააერთიანა.

პროგრამა Mini Diary არის ვირტუალური დღიური პირადი ჩანაწერებისათვის, სადაც შეგიძლიათ ჩაამატოთ ფოტოები, ამინდი და გეოლოკაცია და რა თქმა უნდა ამ ჩანაწერების განთავსება მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერ სოციალურ ქსელში. საოფისე ფაილების გახსნა შესაძლებელია Polaris Office-ის საშუალებით, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად გვხვდება Android მოწყობილობების სტანდარტულ კრებულში.

სტილუსით მუშაობა

სტილუსი არის მოწყობილობის არააქტიური აქსესუარი, ანუ მას არ სჭირდება კვება და მუშაობს HTC Flyer-ის ფუნჯის მსგავსად. მიუხედავად ამისა ის არ არის მხოლოდ მიმთითებელი ელემენტი, რომელიც კურსორის როლს თამაშობდა ძველ ჯიბის კომპიუტერებში. მას აქვს ფუნქციონალური კლავიში, რომლის საშუალებითაც შეიძლება გარკვეული ოპერაციების ჩატარება.

S Pen-ის საშუალებით შეიძლება სმარტფონის მართვის ფუნქციების შესრულებაც. თუ დავაჭერთ სტილუსის ღილაკს და გავუსვამთ მას ეკრანზე მარცხნივ შესრულდება მოქმედება “უკან”. ზევით გასმისას გაიხსნება კონტექსტური მენიუ. ეს ყველაფერი შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ მაგრამ როცახელში სტილუსი გაქვთ მაშინ ეს ძალიან მოსახერხებელია იმიტომ, რომ არ გიწევთ თითებით ფიზიკურ ღილაკებზე დაჭერა.

თუ შევაკავებთ სტილუსს ეკრანზე და დავაჭერთ ღილაკს ავტომატურად გადავიღებთ სქრინშოტს. ამის შემდეგ ეს სქრინშოტი შეიძლება დავარედაქტიროთ, ამისათვის ჩვენი სტილუსი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ფანქარი, მარკერი და ფუნჯი.

პროგრამა S Memo არის სტილუსისთვის უმთავრესი გამოყენების ადგილი. ეს არის ერთგვარი უბის წიგნაკი სადაც ხელნაწერების გაკეთებაა შესაძლებელი. HTC Flyer-თან შედარებით Samsung-ის ფუნჯი უფრო საინტერესო და სასარგებლო გამოვიდა.

უმთავრესი მომენტი ის გახლავთ, რომ კომპანიამ გამოუშვა SDK, რომლის საშუალებითაც პროგრამისტებს საშუალება აქვთ S Pen-თან თავსებადი პროგრამები გამოუშვან. მაგალითისთვის Galaxy Note-ში არის თამაში Crayon Physics,  რომელიც სტილუსის საშუალებით უნდა ვითამაშოთ.

წარმადობა და ავტონომიური მუშაობა

მოწყობილობა მუშაობს Samsung Exynos ჩიპის მართვის ქვეშ, რომელიც არის ორ-ბირთვიანი პროცესორი ARM Cortex-A9 და მუშაობს 1.5 გჰც სიხშირეზე. გრაფიკული ამაჩქარებლის როლს თამაშობს Mail 400-MP. მიმდინარე მონაცემებით აპარატული მონაცემები საჭიროზე მეტია და სრულად აკმაყოფილებს მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს. დიდი ზომის ეკრანზე ვიდეოს სრული ხარისხით გაშვებაც არ წარმოადგენს ამ მოწყობილობისთვის არანაირ პრობლემას.

შთამბეჭდავი მონაცემების და დიდი ეკრანის ქონა მოითხოვს უფრო მეტ ენერგიას, თუმცა Samsung-მა აქაც ივაჟკაცა და შემოგვთავაზე 2500 მილიამპერიანი აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას კვებით ისევე, როგორც Galaxy S II. სმარტფონი ავტონომიურად მუშაობს სრული დატვირთვით ერთი დღის განმავლობაში, რაც ტოპ სმარტფონების მომხმარებლებისათვის ნაცნობი და მისაღები ხანგრძლივობაა.

წარმოგიდგენთ ტესტირების შედეგებს რომელშიც Galaxy Note შედარებულია სხვა სმარტფონებთან.

CF Bench

Quadrant Standard

ქართული ენა

ქართული ენის მხარდაჭერა სრულად არის განხორციელებული და სტანდარტული Android-ის კომპონენტების გარდა გაქართულებულია Samsung-ის საფირმო პროგრამული პროდუქტებიც. არის სისტემური ქართული კლავიატურაც.

დასკვნა

Galaxy Note N700 არის სმარტფონი/პლანშეტი, რომლიც გამოირჩევა შესანიშნავი წარმადობით და ავტონომიური მუშაობის რეჟიმით. მას აქვს სრული ქართული ენის მხარდაჭერა. ის ყველა მონაცემებით აკმაყოფილებს თანამედროვე სმარტფონის მოთხოვნებს და ნაწილობრივ ასრულებს პლანშეტური კომპიუტერის ფუნქციებსაც. კომპლექტში შემავალი სტილუსი საკმაოდ კარგად არის რეალიზებული როგორც აპარატულ ასევე პროგრამულ დონეზე. ასე, რომ ჩემი არჩევანი გამართლდა და მე სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი მოწყობილობით. თუ არ შეგაშინებთ მისი ზომები და არასტანდარტული სრულიად ახალი მიდგომა მობილურ მოწყობილობებში მაშინ გირჩევთ შეიძინოთ, თქვენ ჩემსავით კმაყოფილი დარჩებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.