apple-3
Apple-ის მიმდინარე და დაანონსებულ პროდუქტებზე საუბარი ძალიან პოპულარულია ტექნოლოგიურ საზოგადოებაში და მომხმარებლებს შორის ხშირად უამრავ დისკუსიას და კამათს იწვევს. მოსაუბრეები ხშირად კამათისას კონკერტული მოწყობილობების ტექნიკური მონაცემებით და ფასებით ეჯიბრებიან ერთმანეთს და ყოველი ასეთი კამათის შემდეგ მხარეები თავის აზრზე უფრო მყარად რჩებიან ვიდრე მანამდე. მე როგორც ყველაფერი გახსნილის და ღია წყაროს მომხრეს ალბათ არ გამიჭირდება ვიყო სუბიექტური და გავაკეთო სწორი დასკვნები ამ მცირე ანალიტიკური სტატიის ფორმატში.

რატომ ავირჩიე სტატიის სათაურისთვის Apple 3.0? პირველ რიგში იმიტომ, რომ Apple-ის განვითარების ეტაპების უმთავრეს გარდამტეხ მომენტებს ვუკავშირებ ხოლმე ამ ციფრებს. Apple 1.0 იყო ის კომპანია რომელსაც ჯერ iPhone არ ქონდა გამოშვებული და ბაზარზე მხოლოდ Mac-ებით და iPod-ებით იყო ცნობილი. Apple 2.0 დაიწყო მაშინ როცა სტივ ჯობსმა პირველი iPhone წარმოადგინა და ამით მსოფლიოში ახალი ტიპის მოწყობილობების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. რაც შეეხება Apple-ს 1.0-მდე ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი რამაც განაპირობა 1.0 და 2.0 ეტაპები, რადგანაც ამ პერიოდში შექმნილი უამრავი კონცეფცია ჯერ კიდევ დღემდე ხორციელდება კომპანიაში.

Apple 3.0 არ დაწყებულა სტივის გარდაცვალების შემდეგ, რადგანაც კომპანიის მიმდინარე პროექტები ჯერ კიდევ სტივის მოდელით მუშაობდა, თუმცა პირველივე დღეებიდან საგრძნობი გახდა, რომ პოლიტიკა შეიცვლებოდა და დღეს უკვე თვალნათლივ დავინახეთ Apple-ის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი.

რა არის Apple 3.0 ? რითი გამოირჩევა ის და რითი განსხვავდება წინამორბედისგან? ამაზე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ფიქრზე მეტად საჭირო იყო ახალ პროდუქტებზე დაკვირვება და შესწავლა.

iPhone 6 და iPhone 6 Plus არის კომპანიის ახლი კურსის მთავარი მაჩვენებელი, რითაც ბევრი რამის დანახვა არის შესაძლებელი. როგორც იქნა კუპერტინოში გადაწყვიტეს, რომ iPhone 5C ძალიან უხარისხო და წარუმატებელი პროდუქტია და საჭიროა ახალი და ნაკლებად განსხვავებული ტელეფონის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა წინა ვერსიის მონაცემებით აღჭურვილი იაფფასიანი ალტერნატივა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ კომპანიამ ახალი მოწყობილობები ერთი და იგივე ტექნიკური მონაცემებით წარმოადგინა და განსხვავება მხოლოდ ზომებში აისახა და ძალიან უმნიშვნელო ნიუანსებში, რაც მოსალოდნელიც იყო.

რა არის iPhone 6 Plus-ის მთავარი პლიუსი? რა თქმა უნდა ეკრანის ზომა, რომელიც უკვე დიდი ხანია მომხმარებლების მიერ ძალიან მოთხოვნადი პარამეტრი გახდა. Apple უფრო მეტად უსმენს მომხმარებლის აზრს ვიდრე უწინ? რა თქმა უნდა ამის ასე შეფასებაც შეიძლება მაგრამ ჩემი აზრით კომპანიაში ისედაც ხვდებიან თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რომ შეინარჩუნონ მყარი პოზიციები და Apple WATCH-ის გამოსვლაც რა თქმა უნდა ამას უკავშირდება.

მიუხედავად Samsung-ის და სხვა Android-ზე დაფუძნებული სმარტფონების მწარმოებლების მიერ გამოშვებული უამრავი ულაზათო პროდუქტისა Apple-ის საათი ყველაზე გამორჩეული და დახვეწილია. არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ თუნდაც ახალი Galaxy Gear 2 და Motorola 360 ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლის მიღწევაც Apple-მა პირველივე მცდელობით შეძლო და ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის.

Apple-ის მიმდინარე პროდუქტები პირველი ნაბიჯია კომპანიის ახალი ტრანსფორმაციისკენ, რომელსაც უფრო ღრმა ანალიზს თუ გავუკეთებთ დავინახავთ, რომ ძალიან მალე ერთი შეხედვით უცნაურ სიახლეებსაც შევიტყობთ.

რა იქნება შემდეგი სავარაუდო ნაბიჯები, რომელსაც კომპანია გადადგამს? რა თქმა უნდა ეს იქნება პლატფორმების უნიფიკაცია და სრულიად ახალი ეტაპი აპარატული თვალსაზრისით.

როგორი იქნება შემდეგი თაობის Mac Book და Mac Pro კომპიუტერები? რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც მოხდება ცვლილებები და შესაძლოა სხვა არქიტექტურის ჩიპებზე აგებული პროდუქცია ვიხილოთ.

როგორც ხედავთ iPhone და iPad გაჯეტები უკვე აღჭურვეს 64 ბიტიანი მრავალბირთვიანი პროცეორებით, რომლებიც სამაგიდე სიმძლავრის და კატეგორიის სილიკონებად მოიხსენიება . არავის გაუკვირდება, რომ კომპანია, რომელიც ყოველთვის ისწრაფვოდა ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისათვის მსგავს ნაბიჯს გადადგამს და საკუთარი პროცესორების ბაზაზე გამოუშვებს ახალ პროდუქტებს. პირველ ეტაპზე ეს შეეხება მხოლოდ მობილურ სექტორს და შემდეგში მაგიდაზეც გადმოინაცვლებს. რაც შეეხება Mac Pro-ს განვითარებას, მისი გადაყვანა RISC არქიტექტურაზე უფრო გვიან განხორციელდება, თუმცა დიდი დრო არ არის დარჩენილი, მანამ სანამ ბაზარზე ARM-ზე დაფუძნებული სამაგიდო კომპიუტერები გამოჩნდება.

პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა სხვა კომპანიების მიერ, თუმცა მათი Chrome Book და Chrome Desktop პროდუქტები ჯერ კიდევ უნიათოდ გამოიყურება Web-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის გამო, რომელიც მათ სერიოზული ალტერნატივის სახით ჩამოყალიბებას სერიოზულ ბარიერს უქმნის. ამ შემთხვევაში Google-ის Android პლატფორმა პლანშეტური კომპიუტერისთვისაც არ არის სრულიად ადაპტირებული და Desktop გამოცდილებაზე ლაპარაკიც ხო ზედმეტია.

რაც შეეხება Microsoft-ის სწრაფვას ARM პროცესორებისაკენ აქ საქმე გაცილებით კატასტროფულად არის და Windows საოპერაციო სისტემა თავისი აპლიკაციებით ნამდვილად ვერ გაუწევს კონკურენციას ვერც Android და ვერც Apple-ის პროდუქციას. საკმარისი არ არის Microsoft Office და კიდე რამდენიმე პროდუქტი, რომელიც x86 არქიტექტურის მიღმა მუშაობს.

Apple-ს აქვს არჩევანი, გამოუშვას თავისი პროცესორი თავისვე ქარხნებში ან შეუკვეთოს წარმოება სხვა კომპანიებს, რომელთა შორის ლიდერები არის Qualcomm, Samsung, Nvidia, Mediatek და ა. შ. თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით დასკვნების გამოტანა ადვილი არ არის. ჩემი აზრით Apple-ს ეყოფა რესურსები პირველი თაობის ახალი კომპიუტერებისთვის თვითონაც გამოუშვას პროცესორები.

ახლა რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც საერთოდ არ ერკვევა ტექნიკურ დეტალებში და მისთვის მთავარი, მხოლოდ აპლიკაციები და პროდუქტიულობაა. მათთვის სულ ერთი იქნება თუ რომელი პროცესორის ბაზაზე იმუშავებს საყვარელი კომპანიის მოწყობილობა და ეს სრულიად მისაღები იქნება. მთავარია კომპანიამ არ დაკარგოს ის მიმზიდველობა და ქარიზმა, რითაც დიდი ხანია თავისი ერთგული მრევლი ყავს.

iPhone 6-ის და მიმდინარე პროდუქტების გამოსვლამდეც და ახლა უფრო ხშირად მესმის ერთგული მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება ზომებთან და ახალ საოპერაციო სისტემასთან დაკავშირებით და მინდა მათაც ვუთხრა, რომ უმთავრესად უკმაყოფილება გარკვეული დროის მერე ქრება და ადგილი ექნება ჩვეულებრივ შეგუებას ან საერთოდ უარყოფასთან გვექნება საქმე, თუმცა ასეთი მომხმარებლების რაოდენობა უმნიშვნელოდ მცირეა.

განახლებას საჭიროებს iPod Touch, რომელიც აუცილებლად გამოვა ახალი პროცესორით და ახალი ზომებით, ასევე განახლდება MacMini და ყველასგან მივიწყებული AppleTV რომელიც თავისთავად არის კომპანიის სათამაშო სადაც ახალი არქიტექტურისა და შესაძლებლობების მოსინჯვისათვის მშვენიერი რესურსებია შემონახული.

როგორც თავის დროზე, როცა კოპმპანია გეგმავდა Intel-ის პროცესორებზე გადასვლას, ის წლების განმავლობაში ატესტირებდა თავის საოპერაციო სისტემას ლაბორატორიებში და ბოლოს, როცა პროდუქტის წარდგენის დრო მოვიდა ის სრულიად მზად იყო ამისთვის. ახლაც Apple ყველაზე მეტად არის მზად გადავიდეს ახალ აპარატულ პლატფორმაზე, საკითხავია მხოლოდ არის თუ არა პროგრამული უზრუნველყოფის უმთავრსეი მომწოდებლები მისი ასეთი ნაბიჯისთვის? ისტორია გაკვეთილია და ხშირად მეორდება, მაგრამ სავალდებულო არ არის ერთნაირი სიზუსტით 🙂

ძალიან რომ არ დაგღალოთ ამიტომ ჯერ-ჯერობით ამაზე შევჩერდები და უახლოეს მომავალში, როცა Apple-ის მომდევნო პროდუქტის პრეზენტაცია იქნება ყველას გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ ჩემი მოსაზრებები განვითარების მესამე ეტაპთან დაკავშირებით.