მკვლევარებმა სიდნეის უნივერსიტეტიდან შეძლეს, სინათლის ტალღით გადატანილი ინფორმაციის ბგერით ტალღად გარდაქმნა მიკროჩიპში. ეს პირველი პრეცენდენტია.

ტექნოლოგიური გარღვევა უმნიშვნელოვანესია ინტეგრირებული ფოტონური წრედების შექმნაში, ეს პრინციპი კი მთავარია იმ ტიპის კომპიუტერებში, რომლებშიც მონაცემების შენახვისათვის ელექტრონის მაგივრად გამოყენებული იქნება სინათლე. წარმატების შემთხვევაში, ამ სისტემაში არ იქნება ისეთი პრობლემები, რომლებიც გვხვდება დღევანდელ მოწყობილობებში, ელექტრული ინტერფერირება, ასევე არ გამოიყოფა დიდი რაოდენობით სიმხურვალე და ეს სისტემა საკმაოდ ენერგოეფექტურია.

სინათლის გამოყენება ტელეკომუნიკაციაში ხდება იმ მიზეზის გამო, რომ ის სწრაფია, თუმცა ეს სისწრაფე მინუსია კომპიუტერული პროცესირებისას. Nature Communications-ის სტატიაში ნათქვამია, რომ მკვლევარებმა შეძლეს აეწყოთ ჩიპი, რომელიც ანელებს სინათლეს მისი ბგერით სიგნალებში გარდაქმნით.

“ინფორმაცია ჩვენს ჩიპში აკუსტიკური ფორმით, მოძრაობს ხუთი მაგნიტუდის რიგით დაბალ სიჩქარეზე ვიდრე ოპტიკურ წყაროებში”, განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა ბირგიტ სტილერმა. “ეს განსხვავება შეიძლება შევადაროთ, ჭექა და ელვას შორის სისწრაფის სხვაობას”.

სინათლე უკვე გამოიყენება ტელეკომუნიკაციაში, თუმცა როდესაც დენის წყაროდან მიმავალი სიგნალი მივა ჩვენს ელექტრონულ მოწყობილობებამდე, მონაცემები ელექტრონებს გადაეცემა. დღესდღეობით ბევრი ამ სფეროში მოღვაწე კომპანია იკვლევს  ფოტონურ მიკროჩიპებზე გადასვლის შესაძლებლობებს.

ამ დრომდე მრავალი მცდელობა იყო თუმცა, არცერთი არქიტექტურული გადაწყვეტილება წარმატებული არ აღმოჩნდა. შესაძლოა, სწორედ ეს ახალი დიზაინი გახდეს ფოტონური კომპიუტერების რეალობად  რეალობად ქცევის საფუძველი.

“ჩვენი სისტემა შეზღუდული არ არის მცირე გამტარუნარიანობით. ამიტომ წინა სისტემებისგან განსხვავებით, ეს ფაქტორი  საშუალებას მოგვცემს ინფორმაცია შევინახოთ და სურვილისამებრ ამოვიღოთ ტალღის რამოდენიმე წყაროდან ერთდროულად, რაც თავისთავად გაცილებით ზრდის მოწყობილობის ეფექტურობას,” განაცხადა სტილერმა.

შესაძლოა მოწყობილობის გახურება, რიგითი მომხმარებლისთვის ყოველდღიური თავის სატკივარი არ იყოს, თუმცა ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია მათთვის ვისაც აქვს სერვერები ან ასევე სუპერკომპიუტერებისათვის. ფოტონურ კომპიუტერებზე გადასვლა ამ პრობლემას გაცილებით შეამსუბუქებს.

“ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ინფორმაციის ოპტიკური პროცესირების სფეროში, რადგან აღნიშნული მეთოდი სრულად აკმაყოფილებს დღევანდელ და ასევე მომავალი თაობის ოპტიკური კომუნიკაციების მოთხოვნებს,” დაამატა კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა ბენჯამინ ეგელოტმა.

მკვლევარების აზრით ფოტონური ჩიპები გახდება ხიდი დღევანდელ მოწყობილობებსა და მომავლის კვანტურ კომპიუტერებს შორის.

წყარო: IFL Science